Total Pageviews

Tuesday, February 27, 2018

საქართველოს კუთხეები და ტრადიციები

საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ტრადიცია აქვს, ზოგს ძალიან უჩვეულოც. ყველა კუთხისთვის არის დამახასიათებელი განსხვავებული წეს-ჩვეულებები. მაგალითად, კახური, რაჭული, სვანური, იმერული, მთიულური და ა.შ. დღემდე შემორჩენილია სტუმარ-მასპინძლობის, ქორწინების, გლოვის, სუფრის, ვაზის და სხვა მრავალი ტრადიცია.


ფშავ-ხევსურეთი
ხევსურეთი ტრადიციებით გამორჩეული ერთ-ერთი კუთხეა. ხევსურული კოშკები მსოფლიოშია ცნობილი. ხევსურეთის მოსახლეობა გვარებად არის დაყოფილი. თითოეულ გვარს ერთი ხეობა ან სოფელი უჭირავს. ხევსურეთში ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარი არაბული და ჭინჭარაულია. ეს ორივე გვარი ითვლება ხევსურეთის ძირეულ და თავდაპირველ მოსახლეობად.
ხევსურული სახლის ტიპები ძირითადად სამსართულიანი, ფიქალი ქვისაგან მშრალად ნაგებია, კომპაქტურად თავსდებოდნენ ადამიანი და ცხოველები, რაც ხევსურული ხალხური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი თავისებურება იყო.
ხევსურების სახელი ლუდთანაც ასოცირდება. ხევსურები, თუშები, ფშავები, გუდამაყრელები და მოხევეები ტრადიციულ დღესასწაულებს თავიანთი გამოხდილი ლუდით იხდიდნენ. დღესასწაულები საკმაოდ ბევრი იყო, რაც ქართული ლუდის ხარისხზე და განვითარებაზე მოქმედებდა.
ფშაველი მონადირე ძაღლსა და კატას თოფს არ ესროდა, რადგანაც მათ უწმინდურ ცხოველებად თვლიდა. თუ მონადირე 100 გარეულ ცხოველს, "ნადირს" მოკლავდა, ერთი დღით თოფი მიწაში უნდა დაემარხა. ამას "აზარის ათავება", ანუ მიზნის შესრულება ეწოდებოდა. ნადირის მოკვლისას თუ მონადირეს ვინმე პირველი შეხვდებოდა, მისთვის ნანადირევი შუაზე უნდა გაეყო. ეს წესი ვაჟა-ფშაველასაც აქვს გამოყენებული თავის პოემაში "სტუმარ-მასპინძელი".
იმერეთი
იმერული ტრადიციები კარგად ჩანს რეჟისორ ნანა მჭედლიძის გადაღებულ ქართულ ფილმში "იმერული ესკიზები". ფილმი გადაღებულია სოფელ დიდ ჯიხაიშში. სოფელში დღესაც არის ის სახლ-კარი, სადაც ფილმში დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.
დიდი ჯიხაიში ოდითგანვე განთქმული იყო მცხოვრებთა მაღალი კულტურით, ლელოს საამაყო მიმდევრებით. ლელო სპოტის სახეობაა, რაგბის ქართული წინამორბედი. დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სპორტის უძველესი ეროვნული სახეობა, გუნდური თამაში ბურთით.
ყველასთვის კარგადაა ცნობილი იმერული სტუმართმოყვარეობა და იმერული სუფრის ხიბლი. ასეთი გამოთქმაც არსებობს - "იმერეთში ერთი ქეიფი, ხონთქრის ას წყალობას უდრისო". ამ კუთხეში სადღეგრძელოები მეტად თავისებური და ორიგინალურია. სუფრა სტუმრების დალოცვით იწყება და ოჯახის (ანუ მასპინძელთა) დღეგრძელობით მთავრდება.
გურია
კალანდობა გურიაში ახალ წელს ნიშნავს. გურულები განსაკუთრებულად ხვდებოდნენ კალანდას. ოთახს ამშვენებდა კურკანტელას მარცვლებითა და ფოჩიანი კანფეტებით დამშვენებული ჩიჩილაკი, რომელსაც გურული კაცი თხილის ნედლი შტოდან თლიდა. ჩიჩილაკს "ქართულ ნაძვის ხესაც" უწოდებენ. ეს იყო რიტუალური საგანი, რომელსაც საახალწლოდ სპეციალურად ამზადებდნენ. ის ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. თუმცა ბოლო წლებში თითქმის ყველა ქართული ოჯახი ყიდულობს საახალწლოდ ჩიჩილაკს.
ძველი გურული ცეკვებიდან ცნობილია: "ფარცაკუკუ", "კალმახობა", "ფოთლით ცეკვა", "ფერხული″. "ფარცაკუკუ" ომში გამარჯვებული მხედრების მასობრივი ცეკვაა. სრულდება ქალებთან ერთად. გურიის სპორტულ ტრადიციათაგან აღსანიშნავია დოღი ბახმაროში. ყოველი წლის 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში იმართება ტრადიციული დოღი. დოღის ტრადიცია XX საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ცხენოსნები.
სამეგრელო
დოღი სამეგრელოშიც ძალიან გავრცელებული იყო. ის გარდაცვლილი მამაკაცის წლისთავზე იმართებოდა და მასში მონაწილეობდა ყველა, ვისაც კი მიცვალებულის პატივისცემა სურდა. მარულას (საგანგებოდ ნავარჯიშევი ცხენების შეჯიბრი გრძელ 20-25 კმ-იან დისტანციაზე), წელიწადში რამდენჯერმე აწყობდნენ დიდ დღესასწაულებთან დაკავშირებით. დოღში და მარულაში გამარჯვებულებს დიდი სახელი და ჯილდო (დროშა, ფული, ნივთები) ელოდათ.
დღეს იშვიათად, თუმცა ადრე სამეგრელოს ყველა სოფელში გავრცელებული იყო შემდეგი სახის ჩვეულებები: ახლად დაბადებულ ბავშვს პირში ჩხიკვის ფრთას გამოუღებდა ბებია, ენას მალე ამოიდგამსო. თუ ვაჟი დაიბადებოდა, თოხზე, სახნავზე ან ნაჯახზე მოაკიდებინებდნენ ხელს კარგი მუშა გამოვაო. თუ ქალი იყო, მას თითისტარს, მაკრატელს ჩაუდებდნენ ხელში.
სამეგრელოში გავრცელებული იყო (ნოდი) ნადი, რაც გულისხმობდა შრომით დახმარებას ანაზღაურების გარეშე. თოხნის პროცესში ქალები არ მონაწილეობდნენ. ქალს მიჰქონდა საჭმელი. გავრცელებული იყო აგრეთვე "შენწოობა" შემწეობა, რომელიც გაჭირვებული ოჯახის დახმარებას გულისხმობდა. ნადის დროს ოჯახი ვალდებული იყო, სუფრა გაეშალა მონადეებისათვის. "შენწოობის" დროს მეზობლებს თავიანთი საჭმელი თვითონ მიჰქონდათ.
რაჭა
მთის რაჭაში განსაკუთრებულ თაყვანს სცემენ წმინდა გიორგის. შხელის წმინდა გიორგის სალოცავი სოფელ გლოლასთან, დიდ გაშლილ მინდორზე მდებარეობს. მთის რაჭაში არის ციხე-კოშკები და ეკუთვნის იმ საცხოვრებლის ტიპს, რომელშიც ადამიანები და საქონელი, სანოვაგის მარაგი და პირუტყვის საკვები ერთ კომპლექსშია მოქცეული.
საინტერესოა მთის რაჭის საქორწინო ტრადიციებიც. როგორც წესი, ჯვრისწერა მიღებული იყო ქალის სოფელში, სადაც სასიძო თავისი "ანქრით" (მაყრით) მიემგზავრებოდა. იქ "გვირგვინოსნებს" ასაჩუქრებდნენ ნივთებითა და ფულით. ვახშმის შემდეგ აიშლებოდნენ, პატარძალს წამობურავდნენ "ბურსეულს", შემდეგ მიჰყავდათ სიძის სახლში თოფების სროლითა და სიმღერით. იქ დედამთილი ხვდებოდა შაქრით.
ძველად მთის რაჭაში გავრცელებული იყო აკვანში "დაწინდვა" (დანიშვნა). სოფელში თუ ერთ ოჯახს ქალი შეეძინებოდა, მეორეს კი ვაჟი და ამ ოჯახებს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ, ორმოცი დღის შემდეგ შეხვდებოდნენ ერთმანეთს წყაროზე და დანათესავებას შესთავაზებდნენ.
რაჭაში ნადირობასაც განსაკუთრებული რიტუალებით ასრულებენ. მონადირე სანადიროდ წასვლის წინ ცუდ სიტყვას არ იტყოდა, არ დალევდა. სანადიროდ ღამე ან დილით ადრე მიდიოდა და ცდილობდა გზაზე ხმა არავისთვის არ გაეცა. შემხვედრსაც არ უნდა ეკითხა, სად მიხვალო. მხოლოდ გზა უნდა დაელოცა: გამარჯვებით იარეო. არც მონადირის ცოლი ეტყოდა ვინმეს, თუ სანადიროდ იყო მისი ქმარი წასული, არც თმას გაიშლიდა და დაივარცხნიდა მის მოსვლამდე. საგზლად მონადირე დედის გამომცხვარ ხმიადს წაიღებდა. ქონიანი ან წვნიანი თან არაფერი უნდა ჰქონოდა. არც მის ოჯახში შეიჭმებოდა წვნიანი საჭმელი მის მოსვლამდე.
კახეთი
კახეთი განთქმულია ვენახებითა და შესანიშნავი ღვინით, კახური სამზარეულოს ტრადიციული კერძებია: მწვადი, ხაშლამა, ჩაქაფული, ჩიხირთმა და სხვა. კახური მწვადი ვაზის ლერწზე იწვება, რაც მას განუმეორებელ გემოს ანიჭებს. ყურძნის წვენის – ბადაგისაგან ამზადებენ ტრადიციულ ტკბილეულს: ჩურჩხელასა და თათარას. კახეთში ცხვება მოგრძო ფორმის შოთის პური.
მარანს, ძირითადად საცხოვრებელ სახლთან ან ვენახთან აგებენ, საშენ მასალად ქვა ან აგური გამოიყენება. ვხვდებით აგრეთვე, კაპიტალურად ნაშენ მარნებს - დამუშავებული ქვისაგან აგებულს და ორნამენტებით დამშვენებულს, რომლებიც არქიტექტურულ ძეგლთა რიგს მიეკუთვნება. მარანი, როგორც წესი, საწნახელითა და ქვევრითაა აღჭურვილი.
ქვევრი ღვინის დაყენებისა და შენახვისათვის გამოიყენება. იგი მზადდება თიხისაგან, რომელიც სპეციალურ წვასა და დამუშავებას გადის. ღვინის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, დამზადებული ქვევრი მიწაში ეფლობა, მასში ჩასხმული ყურძნის წვენი ღვინის საბოლოო დაყენებამდე ჰერმეტულად ილუქებოდა, მას მხოლოდ მორევისას და ჭაჭის მოსახდელად ხსნიდნენ.
ქართლი
აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად ქართლში, გავრცელებული იყო გლეხის სახლი - დარბაზი, სადაც ერთი სახურავის ქვეშ, ყველა საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსი ჰორიზონტალურადაა განლაგებული.
მეტად საინტერესოა ახალი წლის ტრადიცია ქართლში. თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე "დასაბერებლად" თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში "აბრამიანს" უწოდებენ.

Thursday, February 22, 2018

საქართველოს კუთხეები

საქართველოს კუთხეები

იმერეთი — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარისნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი.მხარე მდიდარია მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებით: ქუთაისის ციხე-ქალაქი, ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო ანსამბლი, გეგუთის ციხე-დარბაზი, მოწამეთის სიძველეები, ანტიკური პერიოდის შორაპნის ციხე-სიმაგრედა ვანის ნაქალაქარი. ეს სიძველეები იზიდავდა უცხოელ სტუმრებს და მოგზაურებს, რომლებმაც მსოფლიოში სახელი გაუთქვეს საქართველოს და მის კულტურას. იმერეთი გამოირჩევა უგემრიელესი ხაჩაპურით რომელიც განთქმულია მთელ საქართველოში.


კახეთი — ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში.კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.კახეთი ერთ - ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში. იგი ადმინისტრაციულად მოიცავს როგორც კახეთს, ასევე ისტორიულ კუთხეს – თუშეთს.კახეთი განთქმულია ღვინით.

მთიულეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. მოიცავსმდინარე თეთრი არაგვის ხეობას და მის გვერდით ხევებს - ამირთხევს, ხარხელთხევს, ჩოხელთხევს, ხადისხევს და სხვა.მთიულეთში შემორჩენილია ფეოდალური ხანის მატერიალური კულტურის მრავალი ძეგლი. ადმინისტრაციულ–ტეროტორიული დაყოფის თვალსაზრისით, მთიულეთი დუშეთის რაიონის შემადგენლობაში შედის.მთიულეთი განთქმულია ხინკალით.

ქართული სამზარეულო

სამზარეულო და სუფრის ტრადიციები

ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში. ეროვნული ტანსამცლსაგან განსხვავებით, ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებული იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.
წარსულში საქართველოს ცალკეული კუთხეების სამზარეულოებს შორის საგრძონი განსხვავება შეინიშნებოდა. ამჟამად ეს განსხვავება თითქმის აღარ არის და ნებისმიერ კუთხეში ფართოდ გავრცელდა ის კერძები, რომლებიც ადრე დამახასიათებელი არ იყო.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში ძირითადად ხორბლის პურს აცხობდნენ (შოთი, ლავაში), მთაში კი — ქერისხმიადებს. დასავლეთ საქართველოში ხორბლის მაგივრობას სიმინდი ასრულებდა და ამიტომ მოსახლეობის ძირითადი საკვებიც მჭადი (იმერეთი, გურია) ან ღომი (სამეგრელო, აფხაზეთი) იყო. დასავლეთ საქართველოში ძირითადად სულგუნი და იმერული ყველია მიღებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი — გუდის ყველი (https://allwine.ge/ka/blog/tusuri-gudis-yvelis-unikaluroba-da-rvinostan-sexamebis-saidumloebebi_0/).
ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ფართოდ არის გავრცელებული მრავალფეროვანი მცენარეული საკვები, რომლებიც ნიგვზითა და სანელებლებითაა შეზავებული (სხვადასხვა ფხალეული). აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უკავია.
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ლობიოხაჭაპურიხინკალი, თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებლები. მთავარი სასმელი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ღვინოა. მხოლოდ მაღალმთიან პროვინციებში, სადაც ვენახები არ არის, ღვინოს არაყი და ლუდი ცვლის.
შეგიძლიათ, ნახოთ, როგორ მზადდება იმერული ხაჭაპური:  


ქართული სუფრის ტრადიციები მკაცრ წესრიგს ემორჩილება. თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებელი ელემენტებია საქართველოს ნებისმიერი კუთხისათვის. სადღესასწაულო სუფრა ასევე წარმოუდგენელია სიმღერის, ცეკვისა თუ ხუმრობების გარეშე. სადღეგრძელოების თანმიმდევრობა თამადაზეა დამოკიდებული, თუმცა გარკვეული ტრადიციები ჩამოყალიბებულია და განსხვავებებიც შეინიშნება სხვადასხვა პროვინციებს შორის. გურიაში მაგალითად, პირველი სადღეგრძელო მშვიდობისაა, კახეთში კი ოჯახის ჭერს დალოცავენ ხოლმე. აღმოსავლეთ საქართველოში ბოლო სადღეგრძელო საყველაწმინდოა, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში კი სუფრაზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ წინაპრებისა და გარდაცვლილთა მოგონების სადღეგრძელოებს.

საქართველოს არქიტექტურა

არქიტექტურა

ქართული არქიტექტურა დიდი მრავალფეროვნებითა და თავისებურებით გამოირჩევა. საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი ჰქონდა და საცხოვრებელი სახლებიც მხარეების მიხედვით მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ეს განსხვავება ახლა თანდათან მცირდება: საქართველოს ყველა რაიონში ფართოდ გავრცელდა ევროპული სტილი. მიუხედავად ამისა, განსხვავება მთისა და ბარის რაიონებს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის მაინც საგრძნობია.
აღმოსავლეთ საქართველოს სოფლები უფრო კომპაქტურია და მჭიდროდაა დასახლებული. ეზოები აქ პატარაა და ამიტომ დასამუშავებელი მიწები სოფლის გარეთაა. დასავლეთ საქართველოში საკარმიდამო ნაკვეთები გაცილებით დიდია და საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებიც ერთადაა.
საცხოვრებელი სახლები სხვადასხვა ეთნოგრაფიულ პროვინციებში მეტად განსხვავებულია. სვანეთსა და აღმოსავლეთ კავკასიონის კუთხეებში (თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში) უმეტესად ქვისა და ფიქლის ციხე-სახლებია. ამასთან განსხვავება საკმაოდაა სვანური და თუშურ-ხევსურული კოშკების არქიტექტურაშიც. ამავე რეგიონებში გვხვდება 2-4 სართულიანი ჩარდახიანი სახლები, აგრეთვე ერთსართულიანი ქვითკირის სახლები მიწის ბრტყელი სახურავით (ძირითადად ფშავ ხევსურეთში). ფიქლით აშენებული სახლები, როგორც წესი, მშრალი (დუღაბის გარეშე) წყობისაა.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და მთისწინეთის ზონაში საცხოვრებელი სახლი ძირითადად დარბაზის ტიპისა იყო. ქვითა და აგურით აშენებული ერთსართულიან ნაგებობას საფეხურებრივ-გვირგვინისებური გუმბათის მსგავსი გადახურვა ჰქონდა, რომელიც ბოლოვდებოდა ერდოთი - კვამლისა და სინათლისათვის დატოვებული ხვრელით. დარბაზის გარდა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზოგიერთ რაიონში განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში გაცრცელებული იყო მიწური სახლები — მიწის სიღრმეში გამოკვეთილი ქვისკედლებიანი და მიწის სახურავიანი ნაგებობები.



დასავლეთ საქართველოში მაღალი ტენიანობისა და ჭაობიანობის გამო უმეტესად აშენებდნენ ერთ ან ორსართულიან ხის სახლებს, რომლებიც ხიმინჯებზე იდგა და ყავრის ორფერდა ან ოთხფერდა სახურავი ჰქონდა. სამეგრელოსა და აფხაზეთში ფართოდ იყო გავრცელებული მოწნული, ჩალით დახურული სახლების ტიპი — ფაცხა.
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ახალი არქიტექტურული სტილი დამკვიდრდა: ორსართულიანი, რამდენიმეოთახიანი, ფანჯრებიანი და ხისიატაკიანი სახლები, რომლებშიც ღია კერიის ნაცვლად ბუხრები იყო ამოშენებული. აღმოსავლეთ საქართველოში სახლები ძირითადად ქვითა და აგურით შენდებოდა, დასავლეთ საქართველოში კი - ხით. გადასახურავად ძირითადად კრამიტი გამოიყენებოდა, გურია-სამეგრელოში კი ყავარი. სახლის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა ხის აივანი.
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ტრადიციულმა არქიტექტურამ ადგილი თანამედროვე ევროპულ სტილს დაუთმო. ამჟამად ძირითად საშენ მასალად გამოიყენება აგური, ცემენტის ბლოკები, რკინა-ბეტონი და თუნუქი. განსხვავებაც სხვადასხვა კუთხეში აშენებულ სახლებს შორის მინიმუმამდე დავიდა.

საქართველო

საქართველო




საქართველო მდებარეობს ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.
თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისცა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული IV საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო, სანამ XV საუკუნეშირამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801-1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს კვლავ მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსური პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთანურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებამ ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.
საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ევროპის საბჭოს, სუამის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე მიისწრაფვის ევროპის კავშირში ინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას